Skip To Content

ჩვენს "შემოწმება და კონტროლი", "გემების გრაფიკი" სერვისებს აქვს ამჟამად ტექნიკური პრობლემა. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად პრობლემის აღმოსაფხვრელად და გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას მისი არსებობის შემთხვევაში.

გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, იწყებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადადის.

აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირე მეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით. პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია შეირჩა ღია ტენდერით, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით.

APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.

თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია და გულისხმობს მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის ოდენობით. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, შეადგენს 800,000 ლარს. წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების უზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგის მომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში.

რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადად წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას. ამრიგად, მიზნობრივი დაფინანსების ბიუჯეტის 40% მიმართული იქნება სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსებაზე (იხილეთ ინფორმაცია პროგრამის პრიორიტეტული განმცხადებლების შესახებ www.eda.org.ge/4poti). მოცემული მიდგომა თანხვედრაშია კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ზოგად სტრატეგიასთან, ადგილობრივი საჭიროებების მხარდაჭერის კვალდაკვალ, განახორციელოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიზნებზე მიმართული მრავალმხრივი, ქმედითი ღონისძიებები.

"დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას საქართველოში, განსაკუთრებით კი ფოთში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს ეკონომიკის საფუძველს და ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარს. ამ პროგრამის დაწყებით, გვსურს მოტივირებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები, რაც სრულად ეხმიანება ჩვენს, „მაერსკის“ ღირებულებებს და მდგრადი საქმიანობის პრინციპებს.”- განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.

“ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი ოფიციალურად 30 მარტს გამოცხადდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განმახორციელებელი ორგანიზაციის Facebook და ვებ-გვერდებზე www.eda.org.ge/4poti ან „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ სოციალურ მედია არხებში Facebook, LinkedIn ან ვებ-საიტზე www.apmterminals.com/poti ასევე, პროგრამის ოფიციალურ Facebook გვერდზე (APMTerminals4Poti - ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის).

alerts

Terminal Alerts

Terminal alerts provide you with real-time, personalised operational updates via SMS or email.