ეიპიემ ტერმინალს ფოთმა და „ბიოდიზელი ჯორჯიამ“ მწვანე ოპერაციების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს (MoU)  „ბიოდიზელი ჯორჯიასთან’, რითაც საფუძველი ეყრება ერთობლივ ინიციატივას, რომლის მიზანია ნავსადგურის ნახშირბადის კვალის შემცირება ბიოდიზელის გამოყენებით.

მემორანდუმის ფარგლებში, ეიპიემ ტერმინალს ფოთი პარტნიორი კომპანიისგან შეიძენს ბიოდიზელს, რომელსაც მინერალურ დიზელთან ერთად გამოიყენებს საპორტო ტექნიკის მოხმარებისას. შეთანხმება ითვალისწინებს გარემოსთვის სასიკეთო შედეგების გაზომვასა და მაქსიმიზაციას, მათ შორის კვალიფიციური ექსპერტის ჩართვას CO₂-ის გამოყოფის შემცირების დასათვლელად და სტანდარტული მეთოდოლოგიის შემუშავებას შემცირების მონიტორინგისთვის, სათბურის აირების პროტოკოლის შესაბამისად.

ბიოდიზელის გამოყენება მინერალური დიზელის (ნავთობზე დაფუძნებული დიზელის) ნაცვლად მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის (CO₂) გამოყოფას. კერძოდ, მინერალური დიზელის 1 ტონის წვისას, CO₂-ის ატმოსფეროში გამოყოფა დაახლოებით 2.68 ტონაა, ხოლო B100 ბიოდიზელის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია  გამონაბოლქვის 85-90%-ით შემცირება.

პარალელურად, ორივე მხარე შეისწავლის ტექნიკურ და ოპერაციულ მოთხოვნებს ნავსადგურში ბიოდიზელის უსაფრთხო მიღების, შენახვისა და შერევის უზრუნველსაყოფად.

„მდგრადობა ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის ბირთვია,“ – აღნიშნა ქრისტიან რიოდერმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა.
„ეს პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ნაბიჯებით შევამციროთ ნახშირბადის კვალი საპორტო ოპერაციებში და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის განვითარებას.“

„ჩვენი კომპანია მიესალმება და აფასებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის გარემოსდაცვით მდგრადობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და მის პროაქტიულ მიდგომას მწვანე ტრანსფორმაციისა და სათბურის აირების (GHG) გამოყოფის შემცირებისკენ. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, შპს „ბიოდიზელი ჯორჯია“ მზად არის ფოთის ნავსადგურს მიაწოდოს მაღალი ხარისხის, განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა საწვავი – ბიოდიზელი, რაც ეტაპობრივად შეუწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი კომპანიის ტექნიკასა და აღჭურვილობაში ჩვეულებრივი დიზელის ბიოდიზელთან შერევით ჩანაცვლებას,“ – ამბობს მურმან პატარაია, შპს „,ბიოდიზელი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი.

შპს „,ბიოდიზელი ჯორჯია“ უკვე ცხრა წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის საიმედო მწარმოებელია. საწარმოო პროცესები ხორციელდება განახლებადი ენერგიის სფეროში წამყვან ევროპულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ინიციატივა სრულად თანხვედრაშია „,ეიპიემ ტერმინალსის“ გლობალურ ვალდებულებებთან გარემოს დაცვისა და ინოვაციების მიმართულებით და ამასთანავე, ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი მდგრადი საწვავის წარმოების განვითარებას.